Cirque du Soleil-მ წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ერთ რამეს მიხვდა: მომავალში გამარჯვების მოსაპოვებლად კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთთან მეტოქეობა. კონკურენციის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა, არ ეცადო კონკურენციის დაძლევას.

Cirque du Soleil-ის მიღწევების ბოლომდე გასააზრებლად წარმოიდგინეთ, თითქოს საბაზრო სამყარო ორი სახის - წითელი და ლურჯი ოკეანეებისგან შედგებოდეს. წითელი ოკეანეები დღეს არსებულ ყველა დარგს განასახიერებს; ლურჯები კი იმ დარგებს, რომლებიც ჯერჯერობით არ არსებობს. ესაა გამოუკვლეველი საბაზრო სივრცე.

წითელ ოკეანეებში დარგის საზღვრები საყოველთაოდაა აღიარებული და მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენციის თამაშის წესები კი ყველასთვის ნაცნობია. ამ სივრცეში კომპანიები ცდილობენ, აჯობონ კონკურენტებს და არსებული მოთხოვნის უდიდესი ნაწილი თავისკენ მიიზიდონ. საბაზრო სივრცის გადავსებასთან ერთად მოგების მიღებისა და ზრდის შესაძლებლობები იკლებს. პროდუქცია მასობრივი მოხმარების საქონლად იქცევა, დაუნდობელი კონკურენტები კი ერთმანეთს ყელს სჭრიან და წითელ ოკეანეს სისხლის ოკეანედ აქცევენ. ამისგან განსხვავებით, ლურჯი ოკეანეები საზღვრავენ ბარის ხელუხლებელ სივრცეებს, მოითხოვენ შემოქმედებით მიდგომას და ზრდისა და დიდი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევიან. მართალია, ზოგიერთი ლურჯი ოკეანე უკვე არსებული დარგების ფარგლებს მიღმა იქმნება, მაგრამ მათი უმეტესობა უშუალოდ წითელ ოკეანეებში, მოქმედი დარგობრივი საზღვრების გაფართოების გზით ჩნდება. Cirque du Soleil-მაც სწორედ ეს გააკეთა. ლურჯ ოკეანეებში კონკურენცია არავის ემუქრება, რადგან თამაშის წესები ჯერ კიდევ დასადგენია.

წითელ ოკეანეებში ისეთი ცურვა უნდა იცოდე, რომ კონკურენტები ვერ გეწეოდნენ. წითელი ოკეანეები არასოდეს დაკარგავენ მნიშვნელობას და ყოველთვის საქმიანი ცხოვრების მოვლენად დარჩებიან. მაგრამ როცა ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში მიწოდება მოთხოვნას აღემატება, ბაზრის წილისთვის ბრძოლა აუცილებელი, თუმცაღა არასაკმარისი ხდება მდგრადი ზრდის შესანარჩუნებლად. ამიტომაც კომპანიებმა უნდა გააღწიონ კონკურენციის ჩარჩოებიდან.

ახალი მოგებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობის მისაღებად მათ ლურჯი ოკეანეებიც უნდა შექმნან. სამწუხაროდ, ლურჯი ოკეანეების რუკები პრაქტიკულად არ არსებობს. უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში შემუშავებული ყველა სტრატეგიული მიდგომა ძირითადად წითელ ოკეანეებში არსებულ, კონკურენციაზე ორიენტირებულ სტრატეგიებს ეფუძნებოდა. შედეგად, საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ ვებრძოლოთ კონკურენტებს წითელ წყლებში - ვერკვევით ყველაფერში: დარგის საფუძველში ჩადებული ეკონომიკური სტრუქტურის ანალიზითა თუ სტრატეგიული პოზიციის (მცირე დანახარჯები, დიფერენცირება, ფოკუსირება) არჩევით დაწყებული და კონკურენტული ბენჩმარკინგით დამთავრებული.

შესაბამისი ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და რისკების ეფექტიანი მართვის საგანგებოდ შემუშავებული პრინციპების გარეშე ლურჯი ოკეანეების შექმნა მენეჯერებისთვის მხოლოდ ოცნებად და უაღრესად სახიფათო სტრატეგიად რჩება. მოცემულია სწორედ ასეთი პრაქტიკული სქემები და ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ლურჯი ოკეანეების სისტემურ ძიებასა და დაპყრობაში დაგვეხმარება.

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი