მრავალმხრივი პლატფორმა ორ ან მეტ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთზე დამოკიდებულ, მომხმარებელთა ჯგუფს აკავშირებს. ასეთი ტიპის პლატფორმა მომხმარებელთა ერთი ჯგუფისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია ღირებული, თუ მასში მომხმარებელთა სხვა ჯგუფებიც არიან ჩართული.

პლატფორმა ღირებულებას სხვადასხვა ჯგუფს შორის ურთიერთკავშირის ხელშეწყობით ქმნის. ახალი მომხმარებლების მოზიდვასთან ერთად, მრავალმხრივი პლატფორმა უფრო ღირებული ხდება. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც ქსელის ეფექტი.

მრავალმხრივი პლატფორმები მნიშვნელოვანი ბიზნესფენომენია. მათ ეკონომისტები მრავალმხრივ ბაზრებს უწოდებენ. მრავალმხრივი პლატფორმები დიდი ხანია არსებობს, თუმცა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი რაოდენობა გაიზარდა. წარმატებული მრავალმხრივი პლატფორმის მაგალითებია: “ვიზას” საკრედიტო ბარათი, “მაიკროსოფტ ვინდოუსის” საოპერაციო სისტემა, “ფაინენშლ ტაიმსი”, “გუგლი”, თამაშების კონსოლი Wii და “ფეისბუკი”, რომლებსაც საინტერესო ბიზნესმოდელები აქვთ.

და მაინც, რა არის მრავალმხრივი პლატფორმა? ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან ორ ან მეტ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთზე დამოკიდებულ, მომხმარებელთა ჯგუფს აკავშირებს. მისი, როგორც შუამავლის, ფასეული შეთავაზება აღნიშნული ჯგუფების ერთმანეთთან დაკავშირებას მოიცავს. მაგალითად, საკრედიტო ბარათები ერთმანეთთან მოვაჭრეებსა და საკრედიტო ბარათების მფლობელებს აკავშირებს; კომპიუტერული საოპერაციო სისტემები - ტექნიკის მწარმოებლებს, აპლიკაციების დეველოპერებსა და მომხმარებლებს; გაზეთები - მკითხველებსა და რეკლამების განმთავსებლებს; ვიდეოთამაშების კონსოლები - თამაშების დეველოპერებსა და მოთამაშეებს. ფასეული შეთავაზების შესაქმნელად აუცილებელია, რომ პლატფორმამ ყველა ჯგუფი მოიზიდოს და ერთდროულად მოემსახუროს. კონკრეტული მომხმარებელთა ჯგუფისთვის პლატფორმის ღირებულება იმით განისაზღვრება, თუ რამდენი მომხმარებელია ჩართული პლატფორმის “მეორე მხარეს“. ვიდეოთამაშების კონსოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიზიდავს მყიდველებს, თუ პლატფორმა მათ საკმარისი რაოდენობით თამაშს შესთავაზებს. მეორე მხრივ, თამაშების დეველოპერები მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნიან ახალ თამაშს, თუ ვიდეოკონსოლს სათანადო რაოდენობით მომხმარებელი ეყოლება. აქედან გამომდინარე, მრავალმხრივი პლატფორმები ხშირად, `ქათმისა და კვერცხის“ დილემის წინაშე დგანან.

მრავალმხრივი პლატფორმებისთვის ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მომხმარებელთა სეგმენტის სუბსიდირებაა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის მფლობელისთვის მომხმარებელთა ყველა ჯგუფის მომსახურება ხარჯებთან არის დაკავშირებული, ის ხშირად ცდილობს, პლატფორმის მომხმარებელთა ერთი სეგმენტი იაფი ან უფასო ფასეული შეთავაზებით შეიტყუოს, რათა შემდეგ პლატფორმის “მეორე მხარესაც“ მოიზიდოს მომხმარებლები. სუბსიდირების მიზნით, სწორი მომხმარებელთა სეგმენტის შერჩევა და მიმზიდველი ფასის დაწესება მრავალმხრივი პლატფორმის მართვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი სირთულეა.

მრავალმხრივი პლატფორმის ერთ-ერთი მაგალითია “მეტრო”, უფასო ყოველდღიური გაზეთი, რომელიც სტოკჰოლმში შეიქმნა და ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრ დიდ ქალაქშია ხელმისაწვდომი. იგი 1995 წელს გამოიცა და მყისვე მიიზიდა უამრავი მკითხველი, რადგან გაზეთი უფასოდ დარიგდა სტოკჰოლმის მატარებლებში და ავტობუსების გაჩერებებზე. ამით გაზეთმა რეკლამების განმთავსებლები მოიზიდა და სწრაფადვე გამოიმუშავა მოგება. მრავალმხრივი პლატფორმის კიდევ ერთი მაგალითია “მაიკროსოფტი”, რომელმაც თავისი საოპერაციო სისტემისთვის ახალი აპლიკაციების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, დეველოპერებს უფასოდ გადასცა “ვინდოუსის” პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის ნაკრები (SDK). აპლიკაციების სიმრავლემ გაზარდა “ვინდოუსის” პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა და “მაიკროსოფტის” შემოსავალი. რაც შეეხება “სონის” Playstation-ის თამაშების კონსოლს, ამ მრავალმხრივი პლატფორმის სტრატეგიამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. “სონიმ” თითოეული შეძენილი კონსოლის სუბსიდირება განახორციელა. მას იმედი ჰქონდა, რომ მოგვიანებით, თამაშებიდან მეტ შემოსავალს მიიღებდა. აღნიშნულმა სტრატეგიამ არ გაამართლა, რადგან იმაზე ნაკლები Playstation -ის თამაში გაიყიდა, ვიდრე “სონიმ” თავდაპირველად ივარაუდა.

მრავალმხრივი პლატფორმების მფლობელებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა დასვან: შევძლებთ თუ არა საკმარისი მომხმარებლების მოზიდვას პლატფორმის თითოეულ მხარეს? რომელი მხარეა ფასისადმი უფრო მგრძნობიარე? შეგვიძლია თუ არა, ეს მხარე სუბსიდირებული შეთავაზებით მოვიზიდოთ? პლატფორმის მეორე მხარე გამოიმუშავებს თუ არა სუბსიდიების დასაფარავად საკმარის შემოსავალს?

როგორ შექმნა “ეფლმა” პლატფორმა - მაგალითი

Google-ის პლატფრომა

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე