ინოვაციური ბიზნესმოდელირება შემთხვევით იშვიათად ხდება. ამასთანავე, იგი მხოლოდ შემოქმედი გენიოსების ექსკლუზივი როდია. თქვენ შეგიძლიათ მისი მართვა და პროცესებში ინტეგრირება. ამასთანავე, იგი მთელი ორგანიზაციის შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენების საშუალებასაც გაძლევთ.

ინოვაციური ბიზნესმოდელირება ხშირად, რთული და არაპროგნოზირებადი პროცესია. ვიდრე კარგ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, გაურკვევლობებთან გამკლავება უნდა შეძლოთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. პროცესის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ სწრაფი გადაწვეტილებების მიღების გარეშე, ბევრი დრო და ენერგია დაუთმონ სხვადასხვა შესაძლებლობის კვლევას. დახარჯული დროის სანაცვლოდ, ისინი უეჭველად მიიღებენ ახალ, ეფექტიან ბიზნესმოდელს, რომელიც კომპანიის შემდგომ ზრდას უზრუნველყოფს.

ამ მიდგომას პროექტზე ორიენტირებულ მიდგომას ვუწოდებთ. იგი მკვეთრად განსხვავდება ფართოდ გავრცელებული, გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული მიდგომისგან. ფრედ კოლოპი და რიჩარდ ბოლანდი ვეზერჰედის მენეჯმენტის სკოლიდან, სწორედ ამ შეხედულებაზე საუბრობენ სტატიაში _ „პროექტი მნიშვნელოვანია“, რომელიც შესულია წიგნში - „მართვა, როგორც დაპროექტება“. მათი თქმით, გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული მიდგომა არ გამორიცხავს იმას, რომ ალტერნატივების მოფიქრება მარტივია, მაგრამ მათ შორის არჩევანის გაკეთება – რთული. ამის საპირისპიროდ, პროექტზე ორიენტირებული მიდგომა არ გამორიცხავს, რომ განსაკუთრებული ალტერნატივის მოფიქრება რთულია, მაგრამ ასეთი ალტერნატივის მიგნების შემთხვევაში, სხვებისგან მისი გამორჩევის გადაწყვეტილება მარტივია.

ინოვაციური ბიზნესმოდელირების დროს, ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. სავსებით შესაძლებელია, ანალიზზე დახარჯული დროისა და რესურსების მიუხედავად, ვერ შეძლოთ სასურველი ბიზნესმოდელის შექმნა. გაურკვევლობების ფონზე, ახალი, ეფექტიანი ბიზნესმოდელის შექმნაში პროექტზე ორიენტირებული მიდგომა დაგეხმარებათ. ის მრავალგვარ შესაძლებლობათა კვლევასა და მათი პროტოტიპების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესი ბაზრის კვლევას, ანალიზს, ბიზნესმოდელის პროტოტიპის შექმნასა და იდეების შემუშავებას მოითხოვს. იგი საკმაოდ ქაოსურია, რადგან პროცესის მონაწილეები აღნიშნულ ქმედებებს წინასწარ განსაზღვრული მიმდევრობით როდი ახორციელებენ. შესაბამისად, პროექტზე ორიენტირებული მიდგომა ნაკლებად სწორხაზოვანი და უფრო გაურკვეველია, ვიდრე გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ანალიზზე, გადაწყვეტილებასა და ოპტიმიზაციაზე. თუმცა, ახალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესმოდელების შემუშავება სწორედ პროექტზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვს.