მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციის შესახებ, ხშირად ადამიანის ასოციაცია მხოლოდ ნათურას, სხვადასხვა მოწყობილობას ან მექანიკას უკავშირდება. თუმცა ინოვაცია შესაძლოა დაინერგოს ძალიან ბევრი ფორმით. მოდით ამჯერად ინოვაცია განვიხილოთ პროდუქტის, სერვისისა და პროცესის ჭრილში.9

პროდუქტი - ეს არის რაიმე ბიზნეს პროცესის შედეგად წარმოებული ობიექტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ხელშესახები, რაიმე ნივთის სახით წარმოდგენილი. პროდუქტის კარგი მაგალითია სმარტფონი, კბილის პასტა, ავეჯი და ა.შ. ინოვაციური პროდუქტის მაგალითად კი ძალიან ბევრი რამ გვახსენდება, მათ შორის ჩვენ მიერ განხილული მაგალითი: მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტები.

სერვისი - პროდუქტისაგან განსხვავებით სერვისი, იგივე მომსახურება არის ხელშეუხებელი და სრულდება სხვადასხვა პროცესის მეშვეობით. სერვისი ხშირ შემთხვევაში გაწეულია ადამიანის მიერ. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში, ძალიან ბევრი სახის სერვისი სწორედ რომ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება. განვიხილოთ ორი მაგალითი:

პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისი - ეს მომსახურება თავდაპირველად სწორედაც რომ ინოვაციურად შეიძლება ჩათვლილიყო, რადგან მან შეცვალა ადამიანის ქცევა, თუ როგორ მიირთმევს საკვებს, ან როგორ ყიდულობს სასურველ ნივთს. მაშინ, როცა ადამიანები ადგილზე, მაღაზიაში ან რესტორანში ყიდულობდნენ მისთვის საინტერესო პროდუქტს, ადგილზე მიტანის სერვისმა მომხმარებელს შეუქმნა უდიდესი კომფორტი და შესთავაზა მისთვის მტკივნეული პრობლემის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებელს დაუზოგავდა დროსა და ენერგიას, რისთვისაც იგი მზად იყო გადაეხადა დამატებითი გადასახადი.

„Uber“ - ჩვენ მიერ ნახსენები ბიზნესი, რომელიც ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაყრდნობილი სერვისი. კომპანია „Uber“-ის სერვისს ახორციელებს მის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია და მის უკან მდგომი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება სულ რამდენიმე ღილაკზე თითის დაწერით გამოიძახოს მძღოლი, მეორე მხრივ კი ეხმარება მძღოლს მარტივად იპოვოს მისი კლიენტი.

პროცესი - ინოვაცია ხშირად გვევლინება პროცესში, თუ როგორ მართავენ კომპანიები საკუთარ საწარმოო პროცესებს. პროცესში ინოვაციური იდეების კარგი მაგალითია ჰენრი ფორდის მიერ კომპანია “ფორდში” დანერგილი ასაწყობი ხაზი (assembly line), რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა გადასულიყო წარმოების სრულიად ახალ ფორმაზე, რომელიც უფრო მეტი მანქანის უფრო სწრაფად აწყობის საშუალებას იძლეოდა. პროცესში ინოვაციის კარგი მაგალითია სათბურებიც, რომლებიც საკუთარ პროცესში იყენებენ ხელოვნურ, ულტრაიისფერ დასხივებას, რომელიც ქმნის მზის იმიტაციას და ხელს უწყობს მცენარეების სწრაფად ზრდას. მსგავსი, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესში სწორედაც რომ ინოვაციურს ხდის ამ კომპანიის საქმიანობას.