ჰარვარდ ბიზნეს რევიუს კვლევის თანახმად სტარტაპების წარუმატებლობის ქეისებიდან 60% ხდება გუნდის პრობლემების გამო და მართლაც იმაზე მეტად არაფერი ანგრევს სტარტაპის მაღალ პოტენციალს, როგორც „ადამიანური პრობლემები“. ეს პრობლემები როგორც წესი იმ არჩევანის შედეგია რომელსაც სტარტაპის დამფუძნებლები აკეთებენ გუნდის წევრების დამატებისას. სამმა ძირითადმა ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს გუნდის ეფექტური მუშაობა: როლებმა (Roles), ურთიერთობებმა (Relationships) და ჯილდომ (Rewards), ე.წ სამი R. დამფუძნებლების ადრეული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს იმას თუ როგორ შეუძლია სამ R-ს გავლენა მოახდინოს სტარტაპის წარმატებაზე.

ვინაიდან სტარტაპი პირველ ეტაპზე ძირითადად ენთუზიაზმსა და მოტივაციაზე მუშაობს, ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია ისეთი გუნდის წევრების ყოლა რომელთა შორისაც ჯანსაღი ურთიერთობა იქნება, ეს კი განაპირობებს იმას, რომ თითოეულ წევრს საერთო მიზანი აქვს , უფრო მარტივად, რომ ვთქვათ საერთო პასუხი კითხვაზე - რატომ აკეთებენ სტარტაპს ? რა მიზანი აქვს თითოეულს.

სტარტაპის გუნდის შექმნისას პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრი შეთანხმდეს საერთო მიზანზე და სტარტაპის განვითარების შესაძლო სცენარებზე.

მეორე საკითხი - როლების განაწილება არის, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მართალია ბევრი ექსპერტის აზრით, სტარტაპში ანტრეპრენერები ნებისმიერ როლს ირგებენ, განსაკუთრებით დასაწყისში შეიძლება გუნდში ერთი და იგივე პიროვნება იყოს დირექტორი და ასისტენტი, ან გაყიდვების აგენტიც - ეს სტარტაპისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მიუხედავად ასეთი მორგებულების, მნიშვნელოვანია თავიდანვე ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს გუნდის წევრების ძირითადი პასუხისმგებლობები.

არსებობს ბევრი მოსაზრება, თუმცა ეს 6 როლი სტარტაპში აუცილებელია:[1]

  1. The Visionary - ხედვის განმსაზღვრელი - ეს არის პიროვნება, რომელიც განსაზღვრავს სტარტაპის მისიას და ძირითად მიმართულებებს. ის ასევე ბიძგს აძლევს გუნდის დანარჩენ წევრებს სწორად აღიქვან მათ მიერ შექმნილი პროდუქტის ფასეულობა და სტარტაპის წინაშე მდგარი გამოწვევები
  2. The Dreamer - მეოცნებე - იქამდე სანამ ვინმე დაიჯერებს დამფუძნებლის იდეას, მას თავად უნდა სჯეროდეს. ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება გუნდის წევრი, რომელიც ამ რწმენას არ დაკარგავს რთულ მომენტებშიც კი და დანარჩენებსაც გაუღვივებს მოტივაციას
  3. The Doer- მკეთებელი - ეს არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია იდეები რეალობად აქციოს, მას აქვს ცოდნა და გამოცდილება იმისა, რომ პროდუქტის წარმატება განჭვრიტოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის
  4. The Innovator - ინოვატორი - ეს არის გუნდის წევრი, რომელსაც აქვს ხედვა როგორ აქციოს გუნდი სტარტაპად, რომელსაც ექნება დადებითი გავლენა მსოფლიოზე. ეს არის პიროვნება, რომელიც მართავს და ახორციელებს ინოვაციურ წამოწყებებს
  5. The Task maker - დავალებების შემსრულებელი - ეს არის გუნდის წევრი, რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდის დავალებების განაწილება და ორგანიზება, მას აქვს უნარი შექმნას ისეთი კორპორატიული კულტურა და წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია სტარტაპისთვის
  6. The connector - დამაკავშირებელი - ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კავშირები, მეგობრები და პარტნიორები, შესაბამისად გუნდის წევრიც რომელიც დაამყარებს მომგებიან ურთიერთობას ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან ან სამომავლო პარტნიორებთან.

გარდა ამ უნარებისა, საკმაოდ გავრცელებული საკითხია, რომ სტარტაპის გუნდში მნიშვნელოვანია ბიზნეს უნარების და ასევე ტექნიკური უნარების მქონე წევრების არსებობა, ვინაიდან სტარტაპების უმეტესობა ტექნოლოგიებს უკავშირდება, სწორედ ამიტომ IT სფეროს წარმომადგენელი გუნდში ნამდვილი საგანძურია.