ეს მოდული აღწერს იმ პროდუქტებისა და სერვისების წყებას, რომელიც ქმნის ღირებულებას მომხმარებელთა კონკრეტული სეგმენტისთვის.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/6cc26857-1934-4a77-ab21-6266feff3c41/1426771390685-48PHCJ8ZPSBBN1W47SJY.png

ფასეული შეთავაზება განსაზღვრავს, თუ რატომ ამჯობინებენ მომხმარებლები ერთ კომპანიას მეორეს. იგი მომხმარებლებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში ან მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. თითოეული ფასეული შეთავაზება პროდუქტების და/ან სერვისების გარკვეულ ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელთა სეგმენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ფასეული შეთავაზება იმ უპირატესობების ერთობლიობაა, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.

ზოგიერთი ფასეული შეთავაზება, შესაძლოა, ინოვაციური და რევოლუციური იყოს. სხვა შესაძლოა, ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს ჰგავდეს, დამატებითი მახასიათებლებითა და თვისებებით.

რა ღირებულებას ვქმნით მომხმარებლებისთვის? რომელი პრობლემების გადაჭრაში ვეხმარებით მომხმარებლებს? ჩვენი მომხმარებლების რომელ საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ? ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების რომელ ნაკრებს ვთავაზობთ მომხმარებელთა თითოეულ სეგმენტს?

კონკრეტული სეგმენტის საჭიროებებზე მორგებული განსაზღვრული ელემენტების ნაკრების შეთავაზებით, კომპანია ქმნის ღირებულებას მომხმარებელთა სეგმენტისთვის. უპირატესობა შესაძლებელია იყოს რაოდენობრივი (მაგალითად, ფასი, სერვისის სისწრაფე) ან ხარისხობრივი (მაგალითად, დიზაინი, მომხმარებლის გამოცდილება და დადებითი ემოციები).

ქვემოთ წარმოდგენილია იმ კომპონენტების შემოკლებული სია, რომლებიც ხელს უწყობს მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას.

სიახლე

ზოგიერთი ფასეული შეთავაზება აკმაყოფილებს მომხმარებლების სრულიად ახალ საჭიროებებს, რომლებიც ბაზარზე ადრე საერთოდ არ არსებობდა. ეს ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. მაგალითად, მობილურმა ტელეფონებმა მობილური კავშირგაბმულობის სრულიად ახალი ინდუსტრია შექმნა. მეორე მხრივ, ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული საინვესტიციო ფონდები, ცოტა რამ აქვს საერთო ახალ ტექნოლოგიებთან.

შრომის ნაყოფიერება (პროდუქტიულობა)

ტრადიციულად, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდა ფასეული შეთავაზების შექმნის ჩვეული გზა იყო. როგორც წესი, ამ ფაქტორს ეფუძნებოდა პერსონალური კომპიუტერების სექტორი, რომელსაც წლიდან წლამდე ბაზარზე უფრო ძლიერი კომპიუტერები შემოჰქონდა. თუმცა, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდა შეუზღუდავი როდია. მაგალითად, ბოლო წლებში, პერსონალური კომპიუტერების გაზრდილმა სისწრაფემ, მეხსიერების მეტმა მოცულობამ და უფრო მიმზიდველმა გარეგნულმა სახემ მომხმარებელთა მოთხოვნა პროპორციულად ვერ გაზარდა.

მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული შეთავაზება

ღირებულების შექმნა შესაძლებელია, თუ პროდუქტებსა და სერვისებს მოვარგებთ ინდივიდუალური მომხმარებლების ან მომხმარებელთა სეგმენტების საჭიროებებს. ბოლო წლებში, მომხმარებლების საჭიროებებზე პროდუქტებისა და სერვისების მორგების ან მომხმარებლებთან ერთად მათი შექმნის კონცეფციები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა. აღნიშნული მიდგომა მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებისა და წარმოების გაზრდის საფუძველზე ეკონომიის გაწევის შესაძლებლობას იძლევა.

საკუთარი საქმის კეთება

ღირებულება შესაძლოა, შევქმნათ მაშინ, როდესაც უბრალოდ ვეხმარებით მომხმარებელს კონკრეტული საქმის შესრულებაში. როლს-როისს (Rolls-Royce) ეს ძალიან კარგად ესმის: ავიაკომპანიები მთლიანად ანდობენ მას თვითმფრინავების ძრავების წარმოებასა და მომსახურებას. ასეთი თანამშრომლობის წყალობით, ავიაკომპანიები მხოლოდ საკუთარ ბიზნესს – ავიაგადაზიდვებს მისდევენ, მათი ძრავების უსაფრთხოებაზე კი როლს-როისი ზრუნავს. სამაგიეროდ, ავიაკომპანია როლს-როისს ძრავის მუშაობის ყოველი საათის საფასურს უხდის.

დიზაინი

საერთოდ, დიზაინი მნიშვნელოვანი, თუმცა, რთულად შესაფასებელი კომპონენტია. პროდუქტი ანალოგებისგან შესაძლოა, დიზაინით გამოირჩეოდეს. მოდისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში დიზაინი შეიძლება, ფასეული შეთავაზების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

ბრენდი/სტატუსი

ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის ღირებულება კონკრეტული ბრენდის მოხმარებითა და დემონსტრირებით იქმნება. მაგალითად, როლექსის საათი მდიდარი ადამიანის ატრიბუტად ითვლება, მაშინ როცა სკეიტბორდერები უფრო უცნობი, „ანდერგრაუნდული“ ბრენდების ტანისამოსს ეტანებიან, რათა ხაზგასმულად, ამ კულტურის ნაწილად წარმოჩნდნენ.