„ჭკვიანი“ საათი, „ჭკვიანი“ კამერა და ტელევიზორი, „ჭკვიანი“ მაცივარი და სარეცხი მანქანა - დღეს ამ ტერმინების ფართოდ გამოყენება არავის უკვირს. მეტიც, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც აქტიურად ინერგება ჭკვიანი მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც ქვეყანას პროგრესის გზაზე არაერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.

„ჭკვიანი“ მოწყობილობები (Smart Devices) განიმარტება, როგორც „მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ავტონომიური მოქმედების და გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლად მიღების მაღალი რესურსი“.

მართლაც, თანამედროვე, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით აღჭურვილი „ჭკვიანი“ მოწყობილობები ხშირად ადამიანის მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ცხოვრების მრავალ სფეროში ღებულობენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია დამოუკიდებლად მუშაობისას და კიდევ უფრო მეტი - ე.წ. ნივთების ინტერნეტის (IoT – Internet of Things) სივრცეში ჩართვის შემდეგ, მოწყობილობებს შორის ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა „ჭკვიანი“ მოწყობილობების შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ცალკეული „ჭკვიანი“ მოწყობილობების გაერთიანებით მიიღება „ჭკვიანი“ ტრანსპორტის, მორწყვის, ელექტროენერგიის განაწილების და სხვა სისტემები, ასევე, „ჭკვიანი“ სახლები, ქალაქები და სახელმწიფოებიც კი.

„ჭკვიან“ მოწყობილობათა გამოყენება, ცხადია, ახალ პრობლემებსაც წარმოშობს. როგორც ყველა ტექნოლოგიური მიღწევა, „ჭკვიანი“ მოწყობილობებიც ინტერესის სფეროა ონლაინ და ლოკალური ბოროტმოქმედებისთვის და მათი საშუალებით ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე შეიძლება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე კომპიუტერული დანაშაულით მიღებული ზიანი. მაგალითად, დღესდღეობით, ფართოდ ვრცელდება „ჭკვიანი“ ჩიპები სამედიცინო სფეროში, რომლებიც ავადმყოფის სხეულში ინერგება და ექიმს პაციენტის ჯანმრთელობის 24-საათიანი მონიტორინგის საშუალებას აძლევს, მაგრამ მათმა არამართებულმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. „ჭკვიან“ მოწყობილობათა მასობრივი დანერგვა დისკომფორტს უქმნის დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს და უმუშევრობის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, გონივრული გამოყენების შემთხვევაში, „ჭკვიან“ მოწყობილობებს სერიოზული ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლიათ.