https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/6a1c3a97-5b99-48c5-9d95-7cf931ab0536/Annotation_2020-09-02_092546.png

„გუგლის“ ბიზნესმოდელში ყველაზე მნიშვნელოვანი - მისი ფასეული შეთავაზებაა. ეს უკანასკნელი მიზნობრივ აუდიტორიაზე იდეალურად მორგებული ტექსტური რეკლამების ინტერნეტში განთავსებასთან არის დაკავშირებული. მისი სერვისის, Adwords-ის, გამოყენებით, რეკლამების განმთავსებლებს შეუძლიათ რეკლამებისა და დაფინანსებული ბმულების „გუგლის“ საძიებო გვერდებზე გამოქვეყნება (ისევე, როგორც სხვა ვებგვერდებზე, სადაც, როგორც ამას შემდგომ ვნახავთ, შესაბამისი შინაარსია განთავსებული). „გუგლის“ საძიებო სისტემის გამოყენებისას, რეკლამები ძიების შედეგების გვერდით ჩნდება. „გუგლი“ უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა მხოლოდ საძიებო ტერმინის შესაფერისი რეკლამები იხილოს. სერვისი რეკლამების განმთავსებლებისთვის მიმზიდველია, რადგან მისი საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ, ონლაინკამპანიები კონკრეტულ ძიებებსა და სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიულ მახასიათებლებს მოარგონ. რაც მეტ ადამიანთან ექნება „გუგლს“ წვდომა, მით მეტი რეკლამის განთავსებას შეძლებს და უფრო ღირებული გახდება რეკლამების განმთავსებლებისთვის.

რეკლამების განმთავსებლებისთვის განკუთვნილი ფასეული შეთავაზება მეტწილად „გუგლის“ მიერ მოზიდული მომხმარებლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელს „გუგლი“ მძლავრ საძიებო სისტემასა და სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის Gmail-ს (ინტერნეტზე დაფუძნებულ ელექტრონულ ფოსტას), Google Maps-ს და Picasa-ს (ონლაინფოტოალბომი) სთავაზობს. ამასთანავე, აღნიშნული ინსტრუმენტების რაოდენობა იზრდება. წვდომის გაფართოების მიზნით, „გუგლმა“ შექმნა მესამე სერვისი, რომელიც მის რეკლამებს სხვა ვებგვერდებზეც აჩვენებს. ამ სერვისს AdSense ეწოდება. მისი საშუალებით, მესამე მხარეები `გუგლის~ რეკლამებს თავიანთ ვებგვერდებზე ათავსებენ და რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის წილს გამოიმუშავებენ. AdSense-ის მონაწილეს ვებგვერდის შინაარსის ავტომატურად გაანალიზება შეუძლია. იგი აღნიშნული ვებგვერდის სტუმრებს შესაბამისი რეკლამის ტექსტსა და სურათს უჩვენებს. ასეთი ტიპის ვებგვერდების მფლობელები „გუგლის“ მომხმარებელთა მესამე სეგმენტს წარმოადგენენ. მათ „გუგლი“ მათ ვებგვერდებზე განთავსებული შინაარსიდან შემოსავლის გამომუშავებას სთავაზობს.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე