https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/a9ff25af-b543-47e7-942e-0e6a85b07a85/Annotation_2020-09-02_090913.png

2001 წელს „ეფლმა“ თავისი ცნობილი პორტატული მუსიკალური მოწყობილობა `აიპოდი~ გამოუშვა. ეს მოწყობილობა მუშაობს „აითუნსის“ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „აიპოდიდან“ კომპიუტერში გადაწერონ მუსიკა და სხვა ფაილები. ეს პროგრამული უზრუნველყოფა ასევე შეუფერხებლად უკავშირდება „ეფლის“ ონლაინმაღაზიას, რაც მომხმარებლებს ფაილების შეძენისა და ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს.

მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ონლაინმაღაზიის ამ ძლიერმა კომბინაციამ სწრაფად შეცვალა მუსიკის ინდუსტრია და „ეფლმა“ ბაზარზე წამყვანი ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ „ეფლი“ არ იყო პირველი კომპანია, რომელმაც პორტატული მუსიკალური მოწყობილობა შემოიტანა ბაზარზე. ისეთი კონკურენტი, როგორიცაა „დაიმონდ მულტიმედია“ (Diamond Multimedia) და მისი პორტატული მუსიკალური მოწყობილობის ბრენდი „რიო“ (Rio) წარმატებული იყო მანამ, სანამ მათ „ეფლი“ შეცვლიდა.

როგორ შეძლო „ეფლმა“ ლიდერობის მოპოვება? იგი უკეთესი ბიზნესმოდელით უწევდა სხვებს კონკურენციას. ერთი მხრივ, გამორჩეული დიზაინის მქონე „აიპოდის“ მოწყობილობა „აითუნსის“ პროგრამულ უზრუნველყოფასთან და ონლაინმაღაზიასთან გააერთიანა და ამით მომხმარებლებს უზადო წინადადება შესთავაზა. „ეფლის“ ფასეული შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ, იოლად მოიძიონ, შეიძინონ და ისიამოვნონ ციფრული მუსიკით. მეორე მხრივ, ღირებულების შესათავაზებლად „ეფლს“ მოუხდა მოლაპარაკება ყველა მნიშვნელოვან მუსიკის ჩამწერ კომპანიასთან, რათა მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინმუსიკის ბიბლიოთეკა შეექმნა.

შედეგად, „ეფლი“ მუსიკის გაყიდვასთან დაკავშირებულ შემოსავლებს უმეტესწილად „აიპოდების“ გაყიდვით გამოიმუშავებს და იმავდროულად, მუსიკის ონლაინმაღაზიასთან კავშირს კონკურენტებისგან თავის დასაცავად იყენებს.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე