ოპერაციათა მენეჯმენტი არის საწარმოო სისტემების დიზაინი, ოპერირება და გაუმჯობესება - იმ სისტემებისა, რომლებიც სამუშაოს შესრულებას უზრუნველყოფს. საკვები, რომელსაც თქვენ იღებთ, ფილმები რომლებსაც უყურებთ, მაღაზიები, სადაც იძენთ პროდუქტს, და წიგნები, რომლებსაც კითხულობთ, სწორედ ოპერაციათა მენეჯმენტის გამოყენებითაა შექმნილი თქვენთვის. ოპერაციათა მენეჯერებს შეხვდებით ბანკებში, საავადმყოფოებში, ქარხნებსა და მთავრობებში. ამ განხრის მენეჯერები ქმნიან სისტემებს, აკონტროლებენ ხარისხს, აწარმოებენ პროდუქტს, და გვაწვდიან სერვისს. ისინი მუშაობენ მომწოდებლებთან, იყენებენ უკანასკნელ ტექნოლოგიებს და ეკონტაქტებიან გლობალურ პარტნიორებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ფასეულობის შექმნას. შესაბამისად ოპერაციები ბიზნესში არის ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება კომპანიის მხრიდან საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად, ხოლო ოპერაციათა მენეჯმენტი (OM) გულისხმობს საქონელისა და მომსახურების მისაღებად, საჭირო რესურსების სწორად დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინირებასა და კონტროლს ორგანიზაციაში. OM - პასუხისმგებელია პროცესების სწორად წარმართვასა და მათ კონტროლზე. ოპერაციების გარეშე არ იარსებებდა საქონელი და სერვისები, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ.