დღევანდელი დინამიკური და ცვალებადი გარემო, თავის მხრივ, ორგანიზაციებისაგან შეგუებას და რელევანტურ ქმედებებს მოითხოვს. განვიხილოთ ორგანიზაციაზე მოქმედი გარე ძალები, რომლებიც დიდ ზეგავლენას ახდენენ მართვის პროცესზე:

კომპანიები, რომლებიც ამ ძალებს არ ითვალისწინებენ, მალე აღმოაჩენენ, რომ მათი პროდუქტები მოძველებულია, ხოლო ახალი შესაძლებლობები - ხელიდან გაშვებული.

ამასთანავე, ორგანიზაციების გარე გარემოს იყოფა ორ ნაწილად: ზოგადი (გენერალური) გარემო და ფუნქციონალური გარემო. ზოგად (გენერალური) გარემოს წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი ძალები, ხოლო ფუნქციონალური გარემო მოიცავს: მომხმარებლებს, კონკურენტებს, სამუშაო ბაზარს და მომწოდებლებს.

ტექნოლოგიები - მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანი არის ერკვეოდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიებით მომხდარ ცვლილებებში, რომ უზრუნველყონ მათი გამოყენება ორგანიზაციის ეფექტურ მართვაში. არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქვეყნის შიგნითაც შეუძლებელია ბიზნესის წარმატებულად განხორციელება ინფორმაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენების გარეშე. საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომხდარი ცვლილებები მუშაობის სტილზე ახდენს გავლენას. სამუშაო ადგილზე დისტანციური დასწრება და ვიდეო კონფერენციების მოწყობა დღეს ყოველდღიური საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს და მენეჯერებს სხვადასხვა ტერიტორიაზე მყოფი თანამშრომლების მართვაში ეხმარება. ტექნოლოგიურმა ცვლილებამ შეიძლება უკვე დამკვიდრებული პროდუქცია ძველმოდური გახადოს და მენეჯერებს მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი გზების მოძიებისკენ უბიძგოს. მაგალითად, მიკროპროცესორის გამოჩენამ, რომელიც პირველმა Intel-მა შემოიტანა, რევოლუცია მოახდინა საინფორმაციო ტექნოლოგიებში და გაზარდა მოთხოვნა პერსონალურ კომპიუტერებზე. ამან განაპირობა ისეთი კომპანიების წარმატება, როგორებიცაა Dell-ი და Compaq-ი. ინფორმაციული ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების წყალობით, კომპანიებს ახლა უკვე დიდი რაოდენობით ინფორმაციის ფლობა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კომპანიას გააჩნია დიდი რაოდენობით ინფორმაცია, მის მართვასა და სწორ გამოყენებას მაინც ვერ ახერხებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია მენეჯერებს შეეძლოთ კონკურენტი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მართვა, თუ როგორ ახერხებენ მომხმარებლის მოზიდვას, რა სტრატეგიებს იყენებენ და შეადარონ საკუთარი მაჩვენებლები დარგში მყოფ დომინანტი კომპანიის მაჩვენებლებს.

დღესდღეობით, ამ მიზნისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიები მრავალფეროვანია - დაწყებული კონკურენტების ინტერნეტ გვერდების შესწავლით, სავაჭრო ჩვენებებზე სიარულითა და თანამშრომლების გამოკითხვით, დამთავრებული კონკურენტების პროდუქციის „ბენჩმარკინგით“ (პროცესი, რომლის საშუალებით კომპანია პერმანენტულად ახორციელებს თავისი მახასიათებლების შედარებას კონკურენტ ლიდერებთან მსოფლიო მასშტაბით და ახდენს თვითშეფასებას, რათა მიიღოს საკუთარი ბიზნეს მახასიათებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფორმაცია).

ეკონომიკა და კონკურენცია - ორგანიზაციის მენეჯმენტმა აუცილებლია პირველ რიგში იმ ქვეყნის მდგომარეობის ანალიზი გააკეთოს, რომელშიც აპირებს ფუნქციონირებასა და განვითარებას. ქვეყნების ეკონომიკური გარემოს შესასწავლად გამოიყენება შემდეგი მაჩვენებლები: ცხოვრების დონე, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ეკონომიკის განვითარების დონე, ვალუტის სტაბილურობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარების, დაბეგვრის სისტემის და სხვა ფაქტორების გამოკვლევა. გლობალური ეკონომიკა ნიშნავს, რომ კონკურენტები შეიძლება გამოჩდნენ როგორც იმავე ქალაქიდან, ისე სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. ორგანიზაციები ეროვნულ საზღვრებში ჩაკეტილები აღარ არიან, მაგალითად, ტელეფონების მწარმოებელი ფინური კომპანია „Nokia“ ახალ თანამშრომლებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან იღებს, ჰელსინკში კი „Nokia“-ს სახელგანთქმულ კვლევით ცენტრში ამჟამად ფინელს სხვა ეროვნების თანამშრომელი სჭარბობს.

სოციალური ტენდენციები - საერთაშორისო ორგანიზაციების წარმატებულად ფუნქციონირებასა და განვითარებაზე მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კულტურა. სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანები განსხვავებულად იქცევიან ბაზარზე, განსხვავებულ პროდუქტებს მოიხმარენ და განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ მენეჯერთა მხრიდან. როდესაც დადგინდება საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე მოქმედი კულტურული ფაქტორები ამა თუ იმ ქვეყნისათვის და გაანალიზდება ისინი, მენეჯერები იწყებენ მუშაობას კულტურულ თავისებურებებთან ადაპტაციისათვის. ცალკეული მენეჯერები და ორგანიზაციები უნდა ეხმაურებოდნენ იმ ცვლილებებსა და სხვაობებს, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ სტრუქტურებსა და ეროვნულ კულტურებში. წარმატებული მენეჯერი ყოველთვის ყურადღებას აქცევს სხვადასხვა საზოგადოებებს შორის არსებულ განსხვავებებს, ცვლილებებს და ცდილობს საკუთარი ქცევები ამ საზოგადოებას მოარგოს.

ეროვნული კულტურა - ზოგადად, განიხილება ეროვნული კულტურის ორი სახე: კოლექტივიზმი (Colectivism) და ინდივიდუალიზმი (Individualism). კოლექტივიზმი - საზოგადოების ისეთი მდგომარეობაა, სადაც ინდივიდუალური “მე”-ს მაგივრად, გვაქვს კოლექტიური “ჩვენ”. ინდივიდის აზრი ჩანაცვლებულია კოლექტიური აზრით, ხოლო ინდივიდის უფლებები კოლექტივის უფლებებით. ინდივიდი არის ადამიანი (პიროვნება), რომელსაც გააჩნია აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი და პატივს სცემს სხვა ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას. ინდივიდუალისტურად მიიჩნევა თანამედროვე დასავლურ საზოგადოებათა უმრავლესობის, აგრეთვე აშშ-ისა და კანადის კულტურები. ხოლო მეორე პარამეტრი არის ძალის დისტანცირება. არსებობს ძალის მცირე დისტანცირებისა და დიდი დისტანცირების კულტურები - კერძოდ, ეს პარამეტრი განსაზღვრავს მცირე ძალაუფლების მქონე წევრები რამდენად თვლიან, რომ ძალაუფლება არის სამართლიანად განაწილებული. შესაბამისად, ამ ორი პარამეტრის მეშვეობით ქვეყნები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფიან.

ემოციური ნორმები - რაც მისაღებია ერთი ქვეყნისათვის, ხშირად შეუფერებელია მეორისათვის. მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში უარყოფითი და ინტენსიური ემოციების გამოხატვა გარკვეულწილად წინასწარ შექმნილი განწყობაა. რა თქმა უნდა, ასეთი გამოხატვა, ზოგიერთ შემთხვევაში მისაღებია, მაგალითად, ხანმოკლე მწუხარება რომელიმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის უეცარი გარდაცვალების გამო ან მხიარულება რეკორდული წლიური მოგების გამო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აშშ-ს კარგად მართული ორგანიზაცია ის არის, რომელიც ემოციების თავისუფლებისაკენ ისწრაფვის. ემოციური ნორმები კულტურებს შორის იცვლება. კულტურული ნორმები შეერთებულ შტატებში დაქირავებულებს ავალდებულებს, რომ მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში მომხმარებლებს ღიმილით და კეთილგანწყობით მოექცნენ, მაგრამ ეს ნორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ გამოიყენება.

მენეჯერებს სჭირდებათ იმ ქვეყნის ემოციური ნორმების ცოდნა, სადაც საქმიანობას ახორციელებენ, რადგან გაუაზრებელი სიგნალები არ გაგზავნონ, ან ადგილობრივების რეაქცია არასწორად არ გაიგონ. რაც მისაღებია ერთი კულტურისათვის, უკიდურესად შეუფერებელი და უფუნქციოა მეორისათვის.

მსოფლიო პოლიტიკა - საერთაშორისო ორგანიზაციების განვითარებასა და ცვლილებების მართვაზე დიდ გავლენას ახდენს: უცხოელი ბიზნესმენისადმი დამოკიდებულება, სახელმწიფო ბიუროკრატიის დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, ფულად-საკრედიტო სისტემის მარეგულირებელი წესები. პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა დადებითად მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე უცხოელი ბიზნესმენების შეღწევის პროცესზე. პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ და რეჟიმის მოულოდნელი შეცვლა, როგორც მინიმუმ, აფართოებს გაურკვევლობის ატმოსფეროს, რაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათს იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. მათ, ცხადია, ეშინიათ ზარალის, რაც არცთუ ისე იშვიათია საერთაშორისო ბიზნესის პრაქტიკაში. 15-20 წლის განმავლობაში ავტომობილების უდიდესი მწარმოებელი კომპანიების გაერთიანებისა და შერწყმის ტენდენცია (ორი ან მეტი ორგანიზაციის გაერთიანება ერთიანი ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით) სწორედ, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია.