ბიზნესმოდელის ტილო ერთგვარი კონცეპტუალური რუკაა, რომელიც ვიზუალური „ენის“ როლს ასრულებს და შესაბამისი „გრამატიკა“ აქვს. იგი მიგვითითებს, რომელი ინფორმაცია სად უნდა ავსახოთ მოდელში. იგი ვიზუალური და ტექსტური სახელმძღვანელოა, რომელიც ბიზნესმოდელის ჩანახატის შექმნაში გვეხმარება.

დაინახეთ მთლიანი სურათი

ტილოს ყველა კომპონენტის ჩანახატის საშუალებით შეგიძლიათ, მომენტალურად დაანახვოთ ყველას ბიზნესმოდელის მთლიანი სურათი. ჩანახატი სწორი რაოდენობით ინფორმაციას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, მნახველს იდეის აღქმაში ეხმარება. ამავდროულად, მნახველს არ მიეწოდება ზედმეტად დეტალიზებული ინფორმაცია, რომელიც მას ყურადღებას უფანტავს. ბიზნესმოდელის ტილო ვიზუალურად და მარტივად ასახავს საწარმოს რეალობას, თავისი ყველა პროცესით, სტრუქტურითა და სისტემით. „როლს-როისის“ მსგავს ბიზნესმოდელში, რომლითაც კომპანია ძრავებს საათობრივად აქირავებს მათი გაყიდვის ნაცვლად, მთლიანი სურათი უფრო საინტერესოა, ვიდრე მოდელის ცალკეული კომპონენტები.

ურთიერთკავშირების დანახვა

ბიზნესმოდელის სათანადოდ აღქმა არა მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების ცოდნას, არამედ ამ კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულებათა გააზრებასაც მოითხოვს. ეს უკანასკნელი ვიზუალურად უფრო მარტივად გადმოიცემა, ვიდრე სიტყვებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არსებობს რამდენიმე კომპონენტი და ურთიერთკავშირი. მაგალითად, ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბიზნესმოდელის აღწერისას, ნახატების გამოყენებით უფრო გასაგებად შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის თვითმფრინავების ერთგვაროვანი ფლოტის შენარჩუნება და ტრენინგი მნიშვნელოვანი დაბალი ხარჯების უზრუნველსაყოფად.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე