ხშირად სტატუს-ქვოზე ფიქრი ინოვაციური ბიზნესმოდელების მოფიქრებაში გვაბრკოლებს. სტატუს-ქვოზე ფიქრი წარმოსახვის უნარს ახშობს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არსებული დაშვებების `რა იქნება რომ“-ის ტიპის კითხვებით შემოწმებაა. ასეთი ტიპის კითხვები არსებული ბიზნესმოდელების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან გვათავისუფლებს. მათ ჩვენი პროვოცირება შეუძლია და ჩვენივე აზროვნების სისწორესა და რთულ ამოცანებზე გვაფიქრებს.

იმ კომპანიის მენეჯერებმა, რომელიც ყოველდღიურ გაზეთს გამოსცემს, შესაძლოა იკითხონ: რა იქნება, რომ შევწყვიტოთ გაზეთის ბეჭდურ ფორმატში გამოცემა და „ამაზონის“ „კინდლის“ ელექტრონული წიგნის წამკითხველის ან ინტერნეტის გამოყენებით, მთლიანად ციფრულ მიწოდებაზე გადავიდეთ? ეს წარმოებისა და ლოგისტიკის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. თუმცა, ამისთვის საჭირო გახდებოდა ბეჭდურ გაზეთში რეკლამების განთავსებით მიღებული შემოსავლის ანაზღაურება და მკითხველების ციფრულ არხებზე გადასვლა.

„რა იქნება რომ“-ის ტიპის კითხვები მხოლოდ ათვლის წერტილებია. ისინი გვიბიძგებს, რომ აღმოვაჩინოთ ისეთი ბიზნესმოდელი, რომელშიც შესაძლებელია მათი ვარაუდების რეალობად ქცევა. ზოგი „რა იქნება რომ“-ის ტიპის კითხვა იმდენად პროვოკაციულია, რომ იგი პასუხგაუცემელი რჩება. ზოგიერთს მხოლოდ სწორი ბიზნესმოდელი ესაჭიროება იმისთვის, რომ რეალობად იქცეს.

...ავეჯის მყიდველებმა დიდი საწყობიდან აარჩიონ ნაწილები, მოათავსონ ყუთში და, სახლიდან გაუსვლელად შექმნან პროდუქტები? დღეს ეს მიღებული პრაქტიკაა, წინათ კი წარმოუდგენელი იყო, სანამ ამ კონცეფციას 1960-იან წლებში „იკეა“ (IKEA) წარმოადგენდა.

...ავიახაზებმა თვითმფრინავების ძრავები არ შეიძინონ და ძრავას მუშაობის თითოეული საათისთვის გარკვეული საფასური გადაიხადონ? სწორედ ასე გადააქცია „როლს-როისმა“ საკუთარი თავი წარუმატებელი ბრიტანული მწარმოებლიდან სერვისის მიმწოდებელ კომპანიად. დღეს იგი თვითმფრინავების ძრავების მიმწოდებელ კომპანიებს შორის მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილს იკავებს.

...მსოფლიოს მასშტაბით, ხმოვანი ზარების განხორციელება უფასო იყოს? 2003 წელს „სკაიპმა“ შექმნა სერვისი, რომელმაც მომხმარებლებს ინტერნეტით უფასო ზარების განხორციელების საშუალება მისცა. „სკაიპმა“ 400 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი შეიძინა, რომელმაც, ერთად აღებულმა, 100 მილიარდი უფასო ზარი განახორციელა.

...ავტომანქანების მწარმოებლებმა, მანქანების გაყიდვის ნაცვლად, გადაადგილების სერვისები უზრუნველყონ? 2008 წელს გერმანიის ქალაქ ულმში „დაიმლერმა“ ექსპერიმენტული ბიზნესი - car2go წამოიწყო. car2go-ს ავტომობილების საშუალებით, მომხმარებლებს ქალაქში გადაადგილება სერვისის წუთობრივი გადასახადის სანაცვლოდ შეუძლიათ. მომხმარებელს ქალაქის ნებისმიერ ადგილას შეუძლია მანქანის დაქირავება და, გამოყენების შემდეგ, ქალაქის ნებისმიერ ადგილას მისი დატოვება.

...ბანკიდან სესხის გამოტანის ნაცვლად, ფული ერთმანეთს ცალკეულმა პირებმა ასესხონ? 2005 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა კომპანია „ზოპამ“ შექმნა ინტერნეტპლატფორმა, რომლის საშუალებითაც, ერთ მომხმარებელს შეუძლია, მეორე მომხმარებელზე გასცეს სესხი.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე