2000 წლის ივნისში, „პროქტერ ენდ გემბლის“ აქციის ფასის მუდმივი კლების ფონზე, ა. ჯ. ლაფლეი დაწინაურდა და სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. „პროქტერ ენდ გემბლის“ გასაახალგაზრდავებლად, ლაფლეიმ ყურადღება კვლავ ინოვაციებზე გაამახვილა. თუმცა, კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯების გაზრდის ნაცვლად, მან ახალი ინოვაციური კულტურის დანერგვა გადაწყვიტა. შედეგად, შიდა კვლევისა და განვითარების პროცესებზე ორიენტირებულმა კომპანიამ ღია კვლევისა და განვითარების პროცესებზე გადაერთო. ძირითად კომპონენტს კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული კავშირების დამყარების სტრატეგია წარმოადგენდა. აღნიშნული სტრატეგიის მიზანი კომპანიის შიდა კვლევებში გარე პარტნიორების ჩართულობა იყო. ლაფლეის ამბიციური მიზანი ჰქონდა: „პროქტერ ენდ გემბლის“ ინოვაციების 50% გარე მხარეების ჩართულობით უნდა შექმნილიყო, მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 15% იყო. ამ ნიშნულს კომპანიამ 2007 წელს გადააჭარბა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯი ლაფლეის დაწინაურების შემდეგ მცირედით გაიზარდა, კვლევისა და განვითარების პროდუქტიულობამ 85%-ს მიაღწია.

შიდა რესურსების და კვლევისა და განვითარების პროცესების გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად, „პროქტერ ენდ გემბლმა“ თავის ბიზნესმოდელში სამი `ხიდი“ ააგო; ესენი იყო: უფროსი მეცნიერები, ინტერნეტპლატფორმები და პენსიონერები.

1 „პროქტერ ენდ გემბლის“ ბიზნესერთეულების უფროსი მეცნიერები სისტემატურად ამყარებენ ურთიერთობას უნივერსიტეტებისა და სხვა კომპანიების მკვლევრებთან. ისინი აგრეთვე, ერთგვარი „მონადირეები“ არიან, რომლებიც გარე სამყაროს შეისწავლიან, რათა „პროქტერ ენდ გემბლის“ შიდა ამოცანები გადაჭრან.

2 ინტერნეტპლატფორმების საშუალებით, „პროქტერ ენდ გემბლი“ უკავშირდება სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებს, რომლებსაც კომპანიის პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა „ინოსენტივსი“, „პროქტერ ენდ გემბლს“ ზოგიერთი თავისი კვლევითი პრობლემის მსოფლიოს მასშტაბით გაზიარების საშალებას აძლევს. ვინც გაზიარებული პრობლემის საპასუხოდ წარმატებულ გადაწყვეტას შეიმუშავებენ, ფულად ჯილდოს მიიღებენ.

3 „პროქტერ ენდ გემბლი“ YourEncore.com პლატფორმის საშუალებით, პენსიაზე გასული სპეციალისტების ცოდნას იყენებს. აღნიშნული პლატფორმით კომპანიამ გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ღია ინოვაციის „ხიდი“ შექმნა.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე