ბიზნესმოდელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ძირითადი პარტნიორები, ასახავს მიმწოდებლებისა და პარტნიორების ქსელს, რომელიც ბიზნესმოდელის მუშაობას უზრუნველყოფს.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/79262975-66d0-4e87-be7e-92086f785fe3/4.jpg

კომპანიები ბევრი მიზეზით იძენენ პარტნიორებს და ეს ხშირად ბიზნესმოდელის მყარი საფუძველი ხდება. ბიზნესმოდელის ოპტიმიზაციის, რისკის შემცირების ან რესურსების მოძიების მიზნით, კომპანიები საპარტნიორო გაერთიანებებს ქმნიან.

ჩვენ შეგვიძლია, განვასხვავოთ ოთხი ტიპის პარტნიორობა:

  1. სტრატეგიული პარტნიორობა არაკონკურენტ კომპანიებს შორის
  2. სტრატეგიული პარტნიორობა კონკურენტებს შორის
  3. ერთობლივი საწარმოების შექმნა ახალი ბიზნესების დასაწყებად
  4. მწარმოებლისა და მიმწოდებლის ურთიერთობები გარანტირებული მომარაგების უზრუნველსაყოფად

ვინ არიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები? ვინ არიან ჩვენი ძირითადი მომწოდებლები? ძირითადად რა რესურსებს ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან? რა არის ჩვენი პარტნიორების ძირითადი საქმიანობა?

პარტნიორების შეძენის სამი სამოტივაციო ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ:

ოპტიმიზაცია და წარმოების მასშტაბების გაზრდით განპირობებული ეკონომია

პარტნიორობის ძირითადი ფორმა შემკვეთისა და მიმწოდებლის ურთიერთობაა, რომელიც საქმიანობის წარმართვას რესურსებისა და საქმიანობის განაწილების ოპტიმიზაციით ემსახურება. არალოგიკურია, რომ კომპანია ფლობდეს ყველა რესურსს ან თავად ასრულებდეს ყველანაირ საქმიანობას. პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ოპტიმიზაციას და მასშტაბების გაზრდის მიზნით გასაწევ ეკონომიას, ყალიბდება ხარჯების შემცირების მიზნით და, ხშირად, გარე რესურსების მოზიდვას ან ინფრასტრუქტურის ერთობლივ გამოყენებას გულისხმობს.

რისკისა და გაურკვევლობის შემცირება

პარტნიორობას შეუძლია კონკურენტულ გარემოში რისკისა და გაურკვევლობის შემცირება. კონკურენტებისთვის არ არის უჩვეულო სტრატეგიული კავშირების დამყარება ერთ სფეროში და კონკურენციის გაწევა - მეორეში. მაგალითად, „ბლუ-რეი“ ოპტიკური დისკის ფორმატია, რომელიც ერთობლივად შექმნა ელექტროაპარატურის, პერსონალური კომპიუტერებისა და მასმედიის წარმოების სფეროებში მოქმედ მსოფლიოს წამყვან მომხმარებელთა ჯგუფმა. ამ ჯგუფის თანამშრომლობის მიზანი „ბლუ-რეი“ ტექნოლოგიის ბაზარზე შემოტანა იყო. მეორე მხრივ, ჯგუფის წევრები საკუთარ „ბლუ-რეი“ პროდუქტებს ყიდიან და ამით კონკურენციას უწევენ ერთმანეთს.

განსაზღვრული რესურსებისა და საქმიანობის სახეობათა დაუფლება

ცოტა კომპანია თუ ფლობს ყველა რესურსს ან ეწევა ყველანაირ საქმიანობას, რომელიც მის ბიზნესმოდელში ასახული. ჩვეულებრივ, ისინი კონკრეტული საქმიანობის გაძღოლას და რესურსების მოწოდებას სხვა ფირმებს ანდობენ და საკუთარ შესაძლებლობებს ასე აფართოებენ. მსგავსი პარტნიორობა ცოდნისა და სალიცენზიო უფლებების მოპოვების ან მომხმარებლებთან წვდომის გამარტივების საჭიროებითაა განპირობებული. მაგალითად, მობილური ტელეფონის მწარმოებელმა შესაძლებელია, უპირატესობა მიანიჭოს თავისი ტელეფონებისთვის საოპერაციო სისტემის ლიცენზიის შეძენას, ვიდრე მის შექმნას საკუთარი რესურსებით. სადაზღვევო კომპანიამ, გაყიდვების საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების ნაცვლად, შესაძლებელია, პოლისის გაყიდვა დამოუკიდებელ აგენტებს მიანდოს.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე