მართალია, ტერმინი „ლურჯი ოკეანე“ საკმაოდ ახალია, მაგრამ ასეთი ოკეანეები ყოველთვის არსებობდა. ისინი ძველი და ამჟამინდელი საქმიანი სამყაროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. გადახედეთ ას ოცი წლის წინანდელ მსოფლიოს და ჰკითხეთ საკუთარ თავს: ინდუსტრიის რამდენი დარგი არსებობს ამჟამად, რომელთა შესახებაც მაშინ რავინ არაფერი იცოდა? აი, პასუხიც: ისეთი საბაზისო დარგები, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, ხმის ჩაწერა, ავიაცია, ნავთობის გადამუშავება, ჯანდაცვა და მენეჯმენტის კონსალტინგი იმხანად ყველასთვის უცნობი იყო, ან, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ იქმნებოდა. ახლა საათის ისრები მხოლოდ თხუთმეტი-ოცი წლით უკან გადავწიოთ. კვლავაც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბევრი მულტიმილიარდიანი და ტრილიონიანი დარგი. მაგალითისთვის ელექტრონული ვაჭრობის, მობილური ტელეფონების, როუტერების, სვიჩებისა თუ ქსელის სხვა მოწყობილობების, გაზის ელექტროსადგურების, ბიოტექნოლოგიის, დისკონტური საბითუმო ვაჭრობის, საფოსტო გზავნილების საკურიერო მიტანის, მინივენების, სნოუბორდებისა და ყავის ბარების ჩამოთვლაც გვეყოფა. სულ რაღაც ორმოცი წლის წინ ამ დარგებიდან არც ერთი არ არსებობდა ახლა ოცი ან ორმოცდაათი წლით წინ გავიხედოთ და დავსვათ კითხვა - რამდენი ახალი დარგი გაჩნდება ამ დროის განმავლობაში? ისტორიაზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ასეთი დარგი ძალიან ბევრი იქნება.

ამის მიუხედავად, ამჟამად სტრატეგიულ აზროვნებაში ძირითადი აქცენტი მაინც წითელი ოკეანეების კონკურენტულ სტრატეგიებზე კეთდება. ეს, ნაწილობრივ, იმით აიხსნება, რომ კორპორაციული სტრატეგია თავისი წინამორბედის - სამხედრო სტრატეგიის დიდ ზეგავლენას განიცდის. თვით მისი ენაც კი უხვადაა გაჯერებული სამხედრო ტერმინებით. მაგალითად, მთავარი აღმასრულებელი ოფიცრები (Chief Executive Officers), შტაბებში (Headquarters) სხედან, თანამშრომელთა რაზმები (Troops) კი წინა ხაზზე (Front Line) იმყოფებიან. ასეთ ტერმინებში ჩამოყალიბებული სტრატეგია მოწინააღმდეგესთან შეტაკებასა და მკაცრად განსაზღვრული ზომის მიწისათვის ბრძოლისკენაა მიმართული. თუმცა, ომისგან განსხვავებით, მრეწველობის ისტორია ცხადყოფს, რომ საბაზრო სამყარო მკაცრად შემოფარგლული არასოდეს ყოფილა; პირიქით, მასში გამუდმებით იქმნებოდა ლურჯი ოკეანეები. ამგვარად, წითელ ოკეანეზე კონცენტრირება ომის ძირითად ფაქტორებთან (სივრცის შეზღუდულობასა და გასამარჯვებლად მტრის დამარცხების აუცილებლობასთან) შეგუებას და საქმიანი სამყაროს აშკარა უპირატესობების (კონკურენტებისგან თავისუფალი, უნიკალური საბაზრო სივრცის შექმნის შესაძლებლობის) უარყოფას გულისხმობს.

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი