ჩვენი შეხედულებით, ბიზნესმოდელის დაპროექტების პროცესი ხუთ ეტაპად იყოფა, ესენია: მობილიზება, გააზრება, დაპროექტება, დანერგვა და მართვა. როგორც უკვე აღინიშნა, ეს ეტაპი იშვიათად ხორციელდება ისე სწორხაზოვნად, როგორც ეს მომდევნო გვერდზე მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები. მაგალითად, გააზრებისა და დაპროექტების ეტაპი ხშირად ერთმანეთის პარალელურად ხორციელდება. სავსებით შესაძლებელია, გუნდმა, წინასწარი იდეების ჩანახატების შექმნის მიზნით, ბიზნესმოდელის პროტოტიპი ადრეულ ეტაპზე, გააზრების ფაზაში, შექმნას. ამის მსგავსად, დაპროექტების ფაზის დროს შემუშავებულმა პროტოტიპმა შეიძლება, ახალი იდეები წარმოშვას, რის შედეგადაც გუნდს, შესაძლოა, გააზრების ფაზაში დაბრუნებამ და დამატებითი კვლევის ჩატარებამ მოუწიოს.

ბოლო ფაზა თქვენი ბიზნესმოდელის (მოდელების) მუდმივ მართვას გულისხმობს. უმჯობესია, თუ გვეცოდინება, რომ დღევანდელ რეალობაში თითქმის შეუძლებელია კონკრეტული ბიზნესმოდელის დიდი ხნით შენარჩუნება, რამდენად წარმატებულიც უნდა იყოს იგი. ბიზნესმოდელის შემუშავებაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, თუ მოდელს მუდმივად ვმართავთ და განვავითარებთ, რათა გავახანგრძლივოთ მისი „ცხოვრება” მანამ, სანამ მისი მთლიანად გადასიჯვა გახდება საჭირო. მოდელის მართვა დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რომელი კომპონენტი შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და რომელია მოძველებული.

მომდევნო გვერდზე შეიტყობთ, რა არის ჩვენ მიერ შემოთავაზებული 5 ფაზის ამოცანა და საკვანძო მიმართულება. ამასთანავე გირჩევთ, რომელი მასალისა და ტექნიკის გამოყენება შეგიძლიათ თითოეული ფაზის განხორციელების დროს. შემდეგ დეტალურად განვიხილავთ ხუთივე ფაზას და ვნახავთ, როგორ იცვლება გარემოებები და საკვანძო მიმართულებები, როდესაც საქმე აღიარებული ორგანიზაციის ბიზნესმოდელს ეხება.