სცენარი სააზროვნო ინსტრუმენტია, რომელიც სამომავლო ბიზნესმოდელებს ასახავს. სცენარები კონკრეტულ სამომავლო მდგომარეობას გვიჩვენებს, რათა აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაფერისი ბიზნესმოდელების შექმნა შევძლოთ. შესაბამისად, ისინი ჩვენს შემოქმედებით უნარს აძლიერებს. სამომავლო ბიზნესმოდელებზე მუშაობისას, სცენარების გამოყენება ხშირად, უფრო მარტივი და პროდუქტიულია, ვიდრე თავისუფალი ჯგუფური განხილვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მუშაობისას საჭიროა რამდენიმე სცენარის ჩამოყალიბება, რაც, შესაძლოა, ხარჯიანი იყოს, თუ გვსურს, რომ სცენარები სიღრმისეული და მაქსიმალურად რეალური იყოს.

ერთ-ერთი სექტორი, რომელსაც ახალი ტიპის ბიზნესმოდელები ესაჭიროება, ფარმაცევტული ინდუსტრიაა. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ბოლო წლებში, მსხვილი მოთამაშეების კვლევების პროდუქტიულობამ იკლო. დღეს მათი მთავარი ამოცანა - ახალი, მომგებიანი წამლების აღმოჩენა და გაყიდვაა, რაც, როგორც წესი, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. იმავდროულად, მათი შემოსავლიანი წამლების ბევრი პატენტი იწურება. ეს ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, ნახსენები წამლებიდან მიღებული შემოსავალი უცნობმა ან არარეგისტრირებულმა მწარმოებლებმა მიითვისონ. პროდუქტების ცარიელი ხაზი და დაკარგული შემოსავალი მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მთავარი პრობლემაა.

ბიზნესმოდელის ჯგუფური განხილვისა და მომავლის სცენარების ნაკრების შექმნის პროცესი არამდგრად სიტუაციას ქმნის, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია, ეფექტიანი სავარჯიშოც იყოს. სცენარები არასტანდარტულად ფიქრში გვეხმარება, რაც ყოველთვის მარტივი არ არის, როდესაც საქმე ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნას ეხება. იხილეთ რჩევები ასეთი სავარჯიშოს შესასრულებლად.

პირველ რიგში, დაგვჭირდება რამდენიმე სცენარი, რომელიც ფარმაცევტული ინდუსტრიის მომავლის სურათს დაგვანვახებს. უკეთესი იქნება, თუ ამ საქმეს სცენარების დაგეგმვის სპეციალისტებს მივანდობთ, რომლებიც სათანადო ხერხებსა და მეთოდოლოგიას ფლობენ. თვალსაჩინოებისთვის, ოთხი სცენარი შევქმენით, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს და ორ კრიტერიუმზეა დაფუძნებული. ამ სცენარებმა შესაძლოა, განსაზღვროს, როგორ განვითარდება ფარმაცევტული ინდუსტრია მომავალ ათწლეულში. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მამოძრავებელი ფაქტორებიც და შესაძლებელია, ინდუსტრიის უფრო სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობით, ბევრი სხვა სცენარიც შემუშავდეს.

ჩვენ ორი მამოძრავებელი ფაქტორი შევარჩიეთ: (1) პერსონალიზებული მედიცინის განვითარება და (2) მკურნალობიდან პრევენციაზე გადატანილი ყურადღება. პირველი ფარმაკოგენომიკის მიღწევებზეა დამოკიდებული, რომელიც, პიროვნების დნმ-ის სტრუქტურაზე დაყრდნობით, დაავადებების მიზეზებს განსაზღვრავს. შედეგად, ერთ დღესაც, შეიძლება, მკურნალობა მთლიანად პერსონალიზებული გახდეს და ყველამ ჩვენ-ჩვენს გენეტიკურ სტრუქტურაზე მორგებული წამლების გამოყენება დავიწყოთ. პრევენციის მნიშვნელობის გაზრდა ნაწილობრივ, ფარმაკოგენომიკით არის გამოწვეული, ნაწილობრივ - დიაგნოსტიკის განვითარებით და ნაწილობრივ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით იმის შესახებ, რომ პრევენცია ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე იაფია. ამ ორი მამოძრავებელი ფაქტორით შეგვიძლია გამომავლინოთ სავარაუდო სამომავლო ტენდენციები და ჩამოვაყალიბოთ ოთხი სცენარი, რომელიც წინამდებარე ილუსტრაციაზეა წარმოდგენილი. ესენია:

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე