ბევრ სიტყვას, რომლებიც გაყიდვებისა და ზოგადად, სავაჭრო სიტუაციებისთვის არის დამახასიათებელი, შეუძლია, ნეგატიური სურათი დახატოს თქვენი კლიენტის გონებაში. ასიათასობით გამყიდველის გამოცდილება ადასტურებს, რომ აუცილებელია ასეთი სიტყვების შეცვლა უფრო პოზიტიური, დამამშვიდებელი სიტყვებითა და ფრაზებით.

დეტალებზე ყურადღების მეტისმეტად გამახვილება შეიძლება საჭირო არც იყოს, თუმცა ზოგჯერ სწორედ დეტალები ახდენს დიდ გავლენას. არ არის გამორიცხული, ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები მეორეხარისხოვნად მიიჩნიოთ და იგრძნოთ, რომ ჩემი ნათქვამი შეუსაბამო და არასწორია. მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, ალბათ, მიხვდებით, რომ ამ დროის განმავლობაში გადაკრულად ვსაუბრობ: ენა გამყიდველის ერთადერთი იარაღია. გამყიდველი, რომელიც ამ იარაღს ეფექტურად იყენებს სხვა ადამიანებისგან სარგებლის მიღების მიზნით, არის გამყიდველი, რომელიც ყიდის, ყიდის და ყიდის. თქვენი გამოყენებული სიტყვები სულაც არ არის მეორეხარისხოვანი დეტალები. ისინი თქვენი პროფესიის საყრდენს წარმოადგენს. ასე რომ, როდესაც დაწერთ და დაიწყებთ ვარჯიშს თქვენი პროდუქტის პრეზენტაციაში, ყურადღება მიაქციეთ ამას და დარწმუნდით, რომ სიტყვები ხაზს უსვამს კომფორტს, ხელსაყრელ პირობებსა და თქვენი პოტენციური კლიენტის საჭიროებას. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი პოტენციური კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება არის ის, რაზედაც აგებულია გაყიდვების ბიზნესი და სიტყვები, რომლებსაც მათთან საუბრისას იყენებთ, ერთადერთი საშუალებაა, რომ კონკურენტის ნაცვლად თქვენ მოიპოვოთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების უფლება.

გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი