როცა საქმე არქიტექტურას ან პროდუქტის შექმნას ეხება, ადვილია მიხვდე, თუ რა იგულისხმება სხვადასხვა მასშტაბის პროტოტიპში, რადგან აქ ფიზიკურ არტეფაქტებზეა საუბარი. არქიტექტორმა ფრენკ გერიმ და პროდუქტის შემქმნელმა ფილიპ სტარკმა პროექტის განმავლობაში უთვალავი პროტოტიპი შექმნეს, დაწყებული ჩანახატებითა და მიახლოებითი მოდელებით - დამთავრებული დამუშავებული, სრული პროტოტიპებით. ბიზნესმოდელის შექმნისას, ჩვენც შეგვიძლია, იმავე მასშტაბისა და ზომის ვარიაციები გამოვიყენოთ, ოღონდ - უფრო კონცეპტუალურად. ბიზნესმოდელის პროტოტიპი შესაძლოა იყოს ყველაფერი, დაწყებული ხელსახოცზე გაკეთებული იდეის უხეში ჩანახატით, დამთავრებული ბიზნესმოდელის დეტალიზებული ტილოთი და საცდელი ბიზნესმოდელით. ალბათ იკითხავთ, - რითი განსხვავდება ეს ყველაფერი ბიზნესიდეის მარტივი მონახაზისგან, რომელსაც ყველა ბიზნესმენი და მეწარმე ქმნის, და რატომ არის საჭირო, რომ ამ საქმიანობას “პროტოტიპის შექმნა“ ვუწოდოთ?

არსებობს ორი პასუხი: პირველია - განსხვავებული აზროვნება; მეორე - ბიზნესმოდელის ტილო გვაძლევს კონსტრუქციას, რომელიც კვლევის პროცესს უწყობს ხელს.

ბიზნესმოდელის პროტოტიპის შესაქმნელად საჭიროა განსხვავებული აზროვნება, რომელსაც ჩვენ “დამოკიდებულებას დაგეგმარების მიმართ“ ვუწოდებთ. იგი ახალი და უკეთესი ბიზნესმოდელების დაუღალავ ძიებასა და ბევრი მიახლოებითი და დეტალიზებული პროტოტიპის, როგორც სტრატეგიული ვარიანტის, შექმნას გულისხმობს. მისი მიზანია არა უკვე განსახორციელებლად დაგეგმილი იდეების მონახაზის შექმნა, არამედ ახალი, შესაძლოა აბსურდული ან თუნდაც წარმოუდგენელი იდეების კვლევა და ამ მიზნით, თითოეულ პროტოტიპში კომპონენტების დამატება ან მათთვის ზოგიერთის მოცილებაა. შეგიძლიათ, პროტოტიპის შექმნის სხვადასხვა მეთოდი გამოსცადოთ.

ხელსახოცზე გაკეთებული ჩანახატი

შექმენით მიახლოებითი იდეის მონახაზი და მოჰყევით იგი

დახატეთ ბიზნესმოდელის მარტივი ტილო და მხოლოდ ძირითადი კომპონენტების გამოყენებით აღწერეთ იდეა.

დამუშავებული ტილო

გამოიკვლიეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენმა იდეამ გაამართლოს

შექმენით უფრო საფუძვლიანად დამუშავებული ტილო, რათა გამოიკვლიოთ ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ თქვენმა ბიზნესმოდელმა გაამართლოს.