ახალდაარსებული კომპანიებისთვის, სწრაფად მზარდი ბიზნესებისა და რეცესიის დროს ნაღდი ფული მეფეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგება უკანა პლანზე გადადის და ფულადი საშუალებების მოძრაობა კრიტიკული ფაქტორი ხდება. აღრიცხვისას მოგება აბსტრაქტული ცნებაა, რომელიც სავაჭრო პერიოდში ხარჯების შემოსავალთან დაკავშირებაზეა დაფუძნებული. ეს თითქოს კარგია, მაგრამ რეალურად კომპანია ნაღდი ფულის დიდ უკმარისობამდე შეიძლება მიიყვანოს. მაგალითად, თუ სამშენებლო ბიზნესი მის ხარჯებს იმ პერიოდთან დააკავშირებდა, როდესაც უკვე ყველა დამთავრებული ბინა გასაყიდად მზად არის, მშენებლობის პროცესში ფულის დიდი ოდენობით გადინებას აღარ გაითვალისწინებდა და სახლების გაყიდვამდე, შესაძლოა, უფულოდ დარჩენილიყო.

კარგ პერიოდში კომპანია, შესაძლოა, საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბებას დაეყრდნოს, რათა ფულის დეფიციტი აანაზღაუროს, მაგრამ გაჭირვების ჟამს ბანკის ნდობა, შესაძლოა, მეტისმეტად სარისკო იყოს. ბიზნესმა საკუთარი ფინანსები საკმარისად კარგად უნდა მართოს, რათა ფულადი საშუალებების არასწორად მოძრაობას მოერიდოს.

ნაღდი ფული ნებისმიერი ბიზნესის მუდმივი ტვირთია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, შესაძლოა, თავის სტარტაპ-ბიუჯეტში ეტეოდეს, ფულადი საშუალებების მოძრაობის დადებითი მონაცემების დაწერას მაინც დრო სჭირდება. მაგალითად, სპორტული აღჭურვილობის მაღაზიას რეგულარული კლიენტების ბაზის შესაქმნელად, რომელიც მას ფულის გაკეთების დაწყების საშუალებას მისცემს, შეიძლება სამი წელიც კი დასჭირდეს. მანამდე კი კომპანიებს ფულადი საშუალებების მოძრაობის უარყოფითი მონაცემები აქვთ. ამიტომ ახალბედა კომპანიებისთვის აუცილებელია, ნაღდი ფულის მოძრაობას პრიორიტეტი მიანიჭონ. ეს შეიძლება აღჭურვილობის იჯარით აღებას ანდა ახლის მაგივრად მეორადი საქონლის ყიდვას და ისეთი მომწოდებლების არჩევას ნიშნავდეს, რომლებიც იმავე საშეღავათო პერიოდს გაძლევენ, რასაც მაღაზია აძლევს თავის მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მომწოდებლები შეიძლება ოდნავ ძვირს ითხოვდნენ. ნაღდი ფულის გამო გაჩენილმა პრობლემებმა, შესაძლოა, საუკეთესო კომპანიებიც კი შეარყიონ და დაცემისკენ უბიძგონ. 1998 წელს სამხრეთკორეული Daewoo Group-ი “მიმოქცევის საშუალებებსა და საინვესტიციო ფონდების სისტემატიზაციაში მზარდი სირთულეების გამო” მსგავსი პრობლემების წინაშე დადგა. ჯგუფი აგრესიულად ფართოვდებოდა და აღიარა, რომ ნასესხებ ფულზე დაყრდნობამ კომპანიის საერთო სტაბილურობას ძირი გამოუთხარა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს კრიზისის ხანმოკლე მომენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატი იყო, ფულის უკმარისობის გამო მომავალ წელს დაიშალა.

დიდი წიგნი ბიზნესზე