კომპანიის მიერ დივიდენდების გადახდა დირექტორების საჩუქარია. დირექტორის მისაღები გადაწყვეტილება მარტივია - გადასახადების შემდგომ დარჩენილი მოგების რა ნაწილი უნდა გადაიხადოს ფირმამ დივიდენდების სახით და რა ნაწილი უნდა დარჩეს კომპანიაში რეინვესტირებისთვის. რაც უფრო მაღალია ზრდის პერსპექტივები, მით უფრო დიდია ფულის ბიზნესში დატოვების სურვილი. ამიტომ კომპანიებმა, რომლებიც ნელა იზრდებიან, მოგების დიდი ნაწილი დივიდენდებში უნდა ჩადონ, ხოლო აქტიურად მზარდი ორგანიზაციები თანხას, სავარაუდოდ, ბიზნესში დატოვებენ. ბიზნესში ჩაბრუნებულ მოგებაზე უსაფრთხო კაპიტალის წყარო არ არსებობს: დაბრუნება არ არის საჭირო და პროცენტის გადახდასაც არ მოითხოვს. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია კომპანიის ფინანსური სიჯანსაღე. თუ კომპანია ფინანსურად სუსტია, მაშინ მოგება ბიზნესში უნდა დარჩეს, აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, თუ ბალანსის უწყისი სწორია.

დივიდენდების გადახდა საფრთხილო საკითხია. 2006 წელს Royal Bank of Scotland-მა (RBC) აქციონერებისთვის გადასახდელი დივიდენდების 25%-ით გაზრდა გამოაცხადა. ბაზრის კომენტატორებმა სვლა მოიწონეს, ანალიტიკოსების ერთმა გუნდმა ბარათიც გამოსცა ტექსტით: „გმადლობთ, ფრედ (გუდვინი, RBC-ის აღმასრულებელი დირექტორი), გვიყვარხარ“. დივიდენდების გაზრდამ ფული პირდაპირ აქციონერების ხელში ჩააგდო და ზუსტად ორი წლის შემდეგ RBC-ი იძულებული შეიქნა, აქციონერებისთვის აქციების, თითოს 200 გირვანქად გამოსყიდვა ეთხოვა, რათა 12 მილიარდი შეეგროვებინა. ექვსი თვის შემდეგ იგივე აქციები 65 გირვანქაღა ღირდა და ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ - მხოლოდ 11 გირვანქა. კომპანიის 2006 წელს გამოჩენილი გულუხვობა აქციონერებს ძვირი დაუჯდათ.

საპირისპიროდ, Apple-ს 1977 წელს, მისი დაარსების დღიდან, 2013 წლამდე დივიდენდები არ გადაუხდია. სტივ ჯობსის წინამძღოლობით დირექტორებმა აქციონერებს განუცხადეს, რომ ისინი პერსპექტივაში უფრო მოიგებდნენ, თუ Apple-ს კომპანიის მთლიანი მოგების ისევ ბიზნესში ჩაბრუნების საშუალებას მისცემდნენ. 2013 წელს, როდესაც Apple-ის ზრდის ტემპი შენელდა, კომპანიამ აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა დაიწყო, ყოველ წელს, 2015 წლამდე.

დიდი წიგნი ბიზნესზე