მსოფლიოში ათასობით კომპანია დაკავებულია სამსახურის მძებნელი ადამიანების და კადრების მძებნელი ფირმების ერთმანეთთან შეხვედრის ორგანიზებით. ასეთ კომპანიებში მომუშავე ხალხს რეკრუტერები ჰქვიათ; თუმცა, ისინი სხვადასხვაგვარად შეიძლება იყვნენ მოხსენიებულნი: ჰედჰანთერები, ძებნის კონსულტანტები, დასაქმების კონსულტანტები, რეკრუტირების მენეჯერები და ა.შ.

რეკრუტერებს უკავშირდებიან დამსაქმებლები ყველა ზომის კომპანიიდან, ყველანაირი ვაკანსიით. ამის შემდეგ, რეკრუტერები ეძებენ კანდიდატებს, "წმენდენ“ სიებს, ესაუბრებიან მათ და ორგანიზებას უკეთებენ საუკეთესო კანდიდატების გასაუბრებაზე მისვლას დამსაქმებელთან. სამსახურში აყვანას თვითონ დამსაქმებელი წყვეტს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მეტწილად რეკრუტერის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ემყარება.

თქვენი სამსახურის ძებნის პროცესში რეკრუტერებს ერთი მთავარი ფუნქცია აქვთ: ისინი თქვენთვის ხელმისაწვდომს გახდიან ისეთ ვაკანსიებს, რომელთა შესახებაც სხვაგვარად ვერ შეიტყობდით. წინამდებარე თავი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ რეკრუტერების დახმარება თქვენ სასარგებლოდ. რეკრუტინგის ფირმები ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: დასაქმების სააგენტოებად და კონტინგენტის საძიებო ფირმებად. მათ შორის განსხვავება, ძირითადად, ისაა, თუ რა ტიპის ვაკანსიებს სთავაზობენ ისინი დასაქმების მსურველებს. როგორც წესი, დასაქმების სააგენტოები კლიენტებს ზოგად ვაკანსიებს აწვდიან, ხოლო კონტინგენტზე მორგებული ფირმები სპეციალიზირებულ პოზიციებზე მუშაობენ, მაგალითად, ფინანსების ან მარკეტინგის სფეროში არსებულ ვაკანსიებზე. სპეციალიზებულ ფირმებს უფრო კარგად აქვთ შესწავლილი ამა თუ იმ სფეროში არსებული მდგომარეობა.

რას უნდა ელოდოთ რეკრუტერისგან?

იმისათვის, რომ დროის უმიზნო ხარჯვა და იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ, რეკრუტირების ფირმებთან მუშაობის დროს საჭიროა გახსოვდეთ შემდეგი:

ვაკანსიების მოძებნის გარდა რეკრუტერისგან შეიძლება მიიღოთ ფასდაუდებელი ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ; მაგალითად, სად არის ყველაზე დიდი მოთხოვნა კადრებზე ან სად როგორი სახელფასო პირობებია. მსგავსი შეკითხვების დასმით წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის შანსს გაზრდით.

რეკრუტერთან შეხვედრა

თუ რეკრუტერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მასთან პირადად შეხვედრა დაიგეგმა, ეს, როგორც წესი, მის ოფისში მოხდება. შეხვედრის დროს მზად უნდა იყოთ, რომ უამრავ შეკითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. ამ დროს რეკრუტერი ამოწმებს, სიმართლეს თუ შეესაბამება თქვენს რეზიუმეში წარმოდგენილი უნარები და მიღწევები.

შეკითხვათა უმრავლესობა დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად, რა სიდიდის განყოფილებას მართავდით ან რა მასშტაბის ბიუჯეტს აკონტროლებდით. ასეთ შეკითხვებს რაც შეიძლება პირდაპირ და მოკლედ უპასუხეთ. რაც უფრო ბუნდოვანი იქნება თქვენი პასუხები, მით ნაკლებ ნდობას დაიმსახურებთ. თუ რეკრუტერი მიიჩნევს, რომ კარგი კანდიდატი ხართ, სავარაუდოდ, შემდეგი ნაბიჯი დამსაქმებელთან გასაუბრებაა. შესაძლოა, ერთ ვაკანსიაზე დიდი კონკურენცია იყოს და ამიტომ გასაუბრებაზე რამდენჯერმე დაგიბარონ. ნუ იქნებით ძალიან მომთხოვნი რეკრუტერის მიმართ და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ის თქვენს დღის წესრიგს უნდა მოერგოს; პირიქით, შეეცადეთ, იყოთ მოქნილი, რათა მაქსიმალურად მისცეთ რეკრუტერს დახმარების საშუალება.

სამუშაოს ძებნა მარტივად - მაქს მესმერი