დროის რაღაც მონაკვეთში ზრდის სწრაფი ტემპი ბაზრების უმცირესობას ახა­ სიათებს, უმეტესობა კი ნელი ტემპით იზრდება, ზოგიერთი მათგანი მცირდება კიდეც. აუცილებელია იცოდეთ, რამდენად სწრაფად იზრდება თქვენი ბაზარი, რადგან სწორედ ეს არის თქვენი გაყიდვების ზრდისა და მოგების საფუძველი. გამოძებნეთ დრო და შეაფასეთ თქვენი ბაზრის მიმდინარე და სამომავლო ზრდის პოტენციალი. იმ შემთხვევაში, თუ ის სათანადოდ სწრაფი არ არის, მაშინ სამიზნედ იპოვეთ ახალი და განვითარებადი ბაზარი (რჩევისთვის, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ მზარდი ბაზარი, გადახედეთ მომდევნო მონაკვეთს). თქვენი ბაზარი უნდა განიცდიდეს მინიმუმ 5%­იან საერთო წლიურ ზრდას (თუმცა უპირატესობას ვანიჭებ 10%­იან ან უფრო მეტ პროცენტულ ზრდას). 5% ­იანზე ნელი ზრდის ტემპი ბიზნესის განვითარებისთვის არახელსაყრელ, რთულ პირობებს ქმნის.

ბაზრის ზრდის პოტენციალის შესაფასებლად გაიაზრეთ, თუ რა იწვევს მის ზრდას და ისარგებლეთ ამ ინდიკატორებით. ეს მაჩვენებლები შეიცავს ბაზრის ფართო გაყიდვების წლიურ ტენდენციებს, გვიჩვენებს მომხმარებელთა რაოდენობისა და თითოეული მათგანის შესყიდვების ტიპისა და მოცულობის ცვლილებას. თუ შენიშნავთ, რომ ბაზარი შემცირებული ან სტატიკურია, სასწრაფოდ უნდა ეძებოთ ზრდის შესაძლებლობა.

ხშირად ძნელია, ზუსტად განსაზღვრო ბაზრის ზომა და მისი ზრდის ტემპი. მაგალითად, თუ ჩიკაგოს ტერიტორიაზე ყიდით საოფისე ავეჯს, აუცილებელია ბაზრის ზრდის ტემპის ისეთი არაპირდაპირი ინდიკატორების განსაზღვრა, რომლებსაც გამოიყენებთ. მაგალითად, სასარგებლოა სტატისტიკა, რომელიც ასახავს ჩიკაგოში ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდასა და შემცირებას, რადგან, თუ ეს რაოდენობა იზრდება, იზრდება მოთხოვნა საოფისე ავეჯზეც; ხოლო, თუ კომპანიები ხურავენ ფილიალებს ან ხდება შემცირება, იგულისხმება, რომ საოფისე ავეჯის ბაზარი მცირდება.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი