კომპანიის ბალანსის უწყისი კომპანიის აქტივებისა და პასუხისმგებლობების მომენტალური ფოტოსურათია და ნებისმიერ ფინანსურ რისკს უნდა აჩვენებდეს, რომელთა წინაშეც ორგანიზაცია დგას. თუმცა, რეალურად, უწყისში კომპანიის ყველა პასუხისმგებლობა არ არის ასახული. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ვალების დათვლისას ყველაფერს ვერ აღრიცხავ. ეს იყო საკითხი, რომელიც Enron-მა 2001 წელს ვერ გაითვალისწინა და რომელთან გამკლავებაც 2007-08 წლებიდან მოყოლებული დასავლეთის საცალო მოვაჭრეებსა და ბანკებსაც უჭირდათ.

იაპონური ფოტოტექნიკის კომპანია Olympus-ის სკანდალის შუაგულშიც ბალანსგარეშე რისკები მოექცა. სუსტი მენეჯერული გადაწყვეტილებების დასამალად, როგორიცაა კომპანიების შთანთქმისას ზედმეტი თანხის გადახდა, კომპანიამ საზარალო ტრანზაქციების შესაკავებლად შვილობილი კომპანიები დააარსა. რადგან ეს თანხები არაკონსოლიდირებულ დანაკარგებს წარმოადგენდა, კომპანიის ყოველწლიურ ანგარიშებში მათი გამოჩენის საჭიროება არ იყო. ანალიტიკოსებსა და აუდიტორებს უნდა შეემჩნიათ, რომ რაღაც ხდებოდა, რადგან კომპანია გარეშე თვალისთვის ჯანსაღი ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ბიზნესი ფულისგან იცლებოდა, მაგრამ ვერაფერი შეამჩნიეს, სანამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ვუდფორდმა, განგაში არ ატეხა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბალანსგარეშე რისკებს სულ უფრო მეტად იყენებენ მთავრობები. ჩინეთში აუდიტის ეროვნულმა ოფისმა მთავრობა გააფრთხილა, რომ ბალანსგარეშე უწყისებზე ოფიციალურ 600 მილიარდ დოლარ ვალზე სამჯერ მეტი შეიძლება ჰქონოდა, რაც დიდ გავლენას მოახდენს პროცენტების გადახდის ხარჯებზე - და თუ ჩინეთში ევროპასა და აშშ-ში 2007-08 წლების მსგავსი საკრედიტო კრიზისი დაიწყო, ქვეყანას ეს დიდი რისკის წინაშე დააყენებს.

დიდი წიგნი ბიზნესზე