იმისთვის, რომ „ჭკვიანი“ ან თუნდაც „უჭკუო“ მოწყობილობების მართვა დედამიწის ყველაზე დაშორებული წერტილიდანაც კი მოხერხდეს, იგი „ნივთების ინტერნეტის“ (IoT - Intenet of Things) ნაწილი უნდა გახდეს. აღნიშნული ტერმინი პირველად 1999 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) პროფესორმა კევინ ეშტონმა გამოიყენა კომპანია „Procter&Gamble“-ის მენეჯმენტთან გამართულ პრეზენტაციაზე. 2004 წელს ჟურნალმა Scientific American ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც IoT-ტექნოლოგიის პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობები იყო გაშუქებული[1]. ამჟამად არსებულმა მდგომარეობამ კი გამოთქმული პროგნოზების რეალობა დაადასტურა.

ნივთების ინტერნეტი განიმარტება, როგორც უძრავი და მოძრავი ფიზიკური მოწყობილობების, შენობების და სხვა ფიზიკური ობიექტების ურთიერთდაკავშირებული ქსელი, რომელიც აღჭურვილია ჩაშენებული ელექტრონული მოწყობილობებით, სენსორებით, აქტუატორებით, ქსელური კავშირების საშუალებებით და პროგრამებით, რაც ამ ობიექტებს ინფორმაციის დაგროვების და გაცვლის საშუალებას აძლევს.

2020 წლის ბოლოს, ინტერნეტის მკვლევარი ორგანიზაციების აზრით, ინტერნეტის მსოფლიო ქსელში 25-30 მილიარდი მოწყობილობა იქნება ჩართული. ამ უზარმაზარი რიცხვის დასახელება (რომელიც დედამიწის მოსახლეობას 4-ჯერ აღემატება) ცხადყოფს, რომ მასში ტრადიციული პერსონალური კომპიუტერების და მობილური მოწყობილობების წილი მინიმალური იქნება, ხოლო მიკროკონტროლერებისა და რადიოსაიდენტიფიკაციო (RFID – Radio-Frequency Identification) ჩიპების რიცხვი წლიდან წლამდე სწრაფად გაიზრდება და მათი დიდი ნაწილი ინტერნეტში იქნება ჩართული.

მაგალითად, სამხედრო საქმეში ნივთების ინტერნეტს ცალკე სახელი აქვს: „სამხედრო ნივთების ინტერნეტი“ (IoMT – Internet of Military Things). ინოვაციურ ტექნოლოგიებს პირველები ხშირად სამხედროები რომ ითვისებენ, ცხადია და 21-ე საუკუნეც ამ მიმართულებით ახალი დოქტრინების და კონცეფციების პერიოდს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში ყველაზე პერსპექტიულ სივრცეს, სადაც ნივთების ინტერნეტის გამოყენება შეიძლება, ცენტრალიზებული ქსელური ომის (Network-Centric Warfare) კონცეფცია წარმოადგენს, რომელიც ომის მართვის ხელოვნებაში რევოლუციურ კონცეფციად ითვლება.