ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციის ან კონკრეტული პირის მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების (იყავი პასუხისმგებელი) ვალდებულებაა. ბიზნესებში პასუხისმგებლობის ჯაჭვის კვალდაკვალ მიყოლა ნაცნობი პრაქტიკაა: თანამშრომლებს საკუთარ ქმედებაზე პასუხი ორგანიზაციულ იერარქიაში მათზე მაღლა მდგომებმა შეიძლება მოსთხოვონ; ან მაღალი ეშელონების მენეჯმენტს შეიძლება პასუხი დაბლა მდგომების გამო მოეთხოვოს. საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ იმართება კომპანია, დირექტორების პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ მათი მმართველობა პროაქტიული და ეთიკური უნდა იყოს.

ბიზნესკატასტროფების (Enron-დან Lehman Brothers-მდე და სხვა ბანკებამდე) სერიებიდან მოყოლებული, კორპორაციული მმართველობა მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. ეფექტიანი ანგარიშვალდებულების მისაღწევად კომპანიის დირექტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი ძალაუფლების როლი და მიმართულება სწორია. ეს შეცდომის წყაროს მიკვლევისა და პასუხისმგებლობის საჭირო ადამიანსა ან ადამიანთა ჯგუფზე დაკისრების საშუალებას გვაძლევს. ბიზნესის მართვა რომ სწორად წარიმართოს, მმართველები კარგად ინფორმირებული, აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყვნენ და კომპანიის გრძელვადიანი ინტერესების გატარებისთვის ერთად უნდა იმოქმედონ. დამოუკიდებელი დირექტორები (non-executive director) კომპანიის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი კომპანიის თანამშრომლები არ არიან, ამიტომ მათ აღმასრულებელი დირექტორების დაუბრკოლებლად გამოკითხვა უნდა შეეძლოთ.

დირექტორთა საბჭოს დონის ყურადღებით შემოწმება

2011 წელს McKinsey&Company-ის კონსულტანტებმა 1597 საბჭოს დირექტორები გამოიკვლიეს და გამოაქვეყნეს შედეგები, რომლებიც დირექტორთა საბჭოს შეხვედრების ოქმებზე შთამბეჭდავ დაკვირვებებს მოიცავდა. გამოკითხვამ ცხადყო, რომ აზიაში დირექტორთა საბჭოს შეხვედრების დროის არა უმეტეს მესამედი მმართველების აქტივობებისა და გადაწყვეტილებების ყურადღებით განხილვას ეთმობოდა, ბევრად მეტი დრო იხარჯებოდა სტრატეგიულ დაგეგმარებაზე. საპირისპიროდ, ჩრდილოეთ ამერიკაში დირექტორთა საბჭო დროის ორ მესამედზე მეტს დეტალების კრიტიკულ განხილვას ანდომებდა.

უფრო გასაკვირია, რომ იმავე ამორჩეულმა ჯგუფმა საბჭოს თანაწევრების მიმართ უკმაყოფილება გამოავლინა. დირექტორები ფიქრობდნენ, რომ მათი კოლეგების 30%-ზე მეტს არასაკმარისი ან შეზღუდული ცნობები ჰქონდა იმ რისკების შესახებ, რომელთა წინაშეც მათი კომპანია იდგა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა დირექტორთა საბჭოს მიერ აღმასრულებელი დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესაძლებლობა.

ყველაზე ხშირად კომპანიების უმეტესობაში აღმასრულებელი დირექტორები საფუძვლიან გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც მინიმალურ ყურადღებას მოითხოვენ. თუმცა კარგი მმართველობა საბჭოს მუდმივ სიფხიზლეს უზრუნველყოფს – ისე, რომ მას მუდმივად ეცოდინება, რა ხდება, როდესაც შეცდომა იქნება დაშვებული. მსგავსი შეცდომა, შესაძლოა, სტრატეგიასთან (მაგალითად, რომელიმე კომპანიის ზედმეტად ძვირად შესყიდვასთან ან კონკრეტული ვითარების ეთიკურ მხარესთან იყოს დაკავშირებული. მოაზროვნე დამოუკიდებელ დირექტორებს კითხვების დასმის პრივილეგია უნდა ჰქონდეთ იმის შესახებ, სწორად იქცევა თუ არა კომპანია, როდესაც შედარებით იაფფასიან მომწოდებლებს უკავშირდება ან კონტრაქტს საეჭვო გზებით მოიპოვებს.

როდესაც რაღაც არასწორად მიდის

კარგ მმართველობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2011 წელს ოპტიკური მოწყობილობებისა და ფოტოტექნიკის მწარმოებელი მძლავრი იაპონური კომპანია Olympus-ის მაგალითზე. ახალდანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ვუდფორდმა აღმოაჩინა, რომ სხვა ბიზნესების შესყიდვისას 1.7 მილიონი დოლარის მიჩქმალული დანაკარგი არსებობდა. Olympus-ის დირექტორებმა დანაკარგი გამოქვეყნებულ ანგარიშებში არ ასახეს, რათა საჯარო განხილვისა და კრიტიკის საგანი არ გამხდარიყო. ვუდფორდი სამსახურიდან დაითხოვეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიმართა, იაპონიის სახელისუფლებო სტრუქტურებმა Olympus-ის დირექტორები თაღლითობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, დირექტორთა საბჭო გადადგა. ამ შემთხვევამ ცხადყო Olympus-ის დამოუკიდებელი დირექტორების არაეფექტიანობა კომპანიის დირექტორთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საქმეში და რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება თითოეული კომპანიის კეთილდღეობისთვის.

დიდი წიგნი ბიზნესზე